Wikia

ნარუტოპედია

ჯირაია

Talk1
90pages on
this wiki
ჯირაია
ჯირაია1.png
სხვა
სახელები
გომბეშო ბრძენი (蝦蟇仙人,გამა სენინ) [1], სოფლის სიგიჟე (里の狂気, სატო ნო კიოკი)[2], გარყვნილი განდეგილი (エロ仙人, ერო-სენინ)[3]
დებიუტი
მანგა 90-ე თავი
ანიმე ნარუტო, 52-ე სერია
ფილმი ნარუტო, ქარიშხლის ქრონიკები 2: ბორკილები
ვიდეო
თამაში
Naruto: Ultimate Ninja 2
გამოჩნდა მანგა, ანიმე, ფილმი, ვიდეოთამაში
გახმოვანება
ახმოვანებს ჰოჩუ ოცუკა
ტორუ ნარა (ბავშვი)
მონაცემები
დაბადების
თარიღი
11 ნოემბერი
სქესი მარსის სიმბოლო.svg მამრობითი
ასაკი პირველი ნაწილი: 50-51
მეორე ნაწილი: 54 (გარდაცვლილი)
სიმაღლე 191,2 სმ
წონა 87,5 კგ
წოდება სანინი
ბრძენი
საქმიანობა მწერალი
გუნდი ჰირუზენის გუნდი
ამეს ობლები
ჯირაიას გუნდი
კუთვნილება კონოჰაგაკურეს სიმბოლო.svg კონოჰაგაკურე
მიობოკუს მთის სიმბოლო.svg მიობოკუს მთა
ოჯახი

ნარუტო უზუმაკი (ნათლული)

ბუნების ტიპი

ცეცხლის ბუნების სიმბოლო.svg ცეცხლის გამოშვება
მიწის ბუნების სიმბოლო.svg მიწის გამოშვება

ჯირაია (自来也, ჯირაია) კონოჰაგაკურეს ერთ-ერთი ლეგენდარული სანინი იყო. მთელი ცხოვრება იგი აღთქმულ მოსწავლეს დაეძებდა, რომელმაც, წინასწარმეტყველების თანახმად, მსოფლიო უნდა შეცვალოს. ცუნადესა და ოროჩიმარუსთან ერთად ჯირაია მესამე ჰოკაგეს მოსწავლე იყო. იგი ამეს ობლების, მეოთხე ჰოკაგესა და ნარუტო უზუმაკის ყოფილი სენსეია. გარდა ამისა, იგი ნარუტოს ნათლიაცაა. ჯირაიას მიერაა დაწერილი ამბავი მეტისმეტად მამაც შინობზე და პოპულარული პორნოგრაფიული ნაწარმოები იჩა იჩა.

სარჩევი

ისტორია Edit

ჰირუზენის გუნდი

ნინძების აკადემიის დამთავრების შემდეგ, ცუნადესა და ოროჩიმარუსთან ერთად, ჯირაია ჰირუზენ სარუტობის გუნდში გაანაწილეს. თავისი დაუდევარი და გულუბრყვილო ხასიათის გამო ჯირაია თითქმის ყველა შეჯიბრებასა და ვარჯიშს მარცხით ასრულებდა ხოლმე. ერთ დღეს ჰირუზენმა მოსწავლეების წინაშე გამოძახების ტექნიკის დემონსტრაცია მოახდინა, რამაც დიდად აღაფრთოვანა ჯირაია. მან მიიჩნია, რომ ასეთი ორიგინალური ტექნიკებით იგი ცუნადეს პატივისცემასა და სიყვარულს დაიმსახურებდა, ამიტომ უყოყმანოდ გაითვალისწინა სენსეის რჩევა და ინტენსიური ვარჯიში დაიწყო, რათა უკეთ დაუფლებოდა ჩაბეჭდვის ტექნიკებსა და ჩაკრას კონტროლს. ჯირაიას ვარჯიში მალევე მობეზრდა და ჰირუზენის წინააღმდეგობის მიუხედავად გამოძახების ტექნიკა ალალ ბედზე გამოიყენა, შედეგად კი მიობოკუს მთაზე აღმოჩნდა, სადაც, როგორც ეს მოგვიანებით შეიტყო, მის გამოჩენას ელოდნენ. ფუკასაკუმ ჯირაია დიად ბრძენ გომბეშოს წარუდგინა, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ იგი ისეთ მოსწავლეს გაიჩენდა, რომელიც გადამწყვეტ ცვლილებებს მოუტანდა მსოფლიოს, კერძოდ კი, ან მისი განადგურების მიზეზი გახდებოდა, ან პირიქით, მას ომებისა და ქაოსისაგან იხსნიდა.

იმ დღიდან ჯირაია მიობოკუს მთის ხშირი სტუმარი გახდა. აქ მან ბევრი ახალი ტექნიკა შეისწავლა და დიდი გამოცდილება მიიღო. აქვე დაეუფლა იგი ბრძენის რეჟიმის ტექნიკებს. პარალელურად ჯირაია კონოჰაგაკურეში, ჰირუზენის გუნდში ვარჯიშობდა, რამად ერთიორად გაზარდა მისი მიღწევები.

გავიდა დრო და ჯირაიამ ნაწინასწარმეტყველევი მოწაფის მოძებნა გადაწყვიტა. მან მშობლიური სოფელი დატოვა და უცხო მიწებზე სამოგზაუროდ გაემართა. ხუთ დიდებულ ქვეყანას შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო იძაბებოდა. ირგვლივ ქაოსი, სამოქალაქო ომების საფრთხე და აგრესია მწვავდებოდა, რასაც ხალხისთვის მხოლოდ ტკივილი და გაჭირვება მოჰქონდა. ჯირაიას არ ასვენებდა კითხვა, თუ როგორ შეიძლება ომიანობისთვის ბოლოს მოღება და მსოფლიოში მშვიდობის დამყარება. პასუხის ძიებაში იგი უამრავ ადამიანს შეხვდა, თუმცა მათგან მხოლოდ უიმედობასა და მომავლისადმი ურწმუნოებას იღებდა. მისდა საბედნიეროდ, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას იგი ერთ ბიჭს შეხვდა, რომლის სიტყვებმა მას მისი პირველი წიგნის სიუჟეტი შთააგონა. ამ წიგნის წაკითხვამ მინატო ნამიკაზე იმდენად აღაფრთოვანა, რომ მან თავის შვილს მთავარი გმირის სახელი - ნარუტო უწოდა.

ქვეყნებს შორის მუდმივმა უთანხმოებამ შინობთა სამყარო მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა. ჯირაია იძულებული გახდა მოგზაურობა შეეწყვიტა და კონოჰაში დაბრუნებულიყო. როცა ცუნადეს ძმა და სატრფო დაიღუპნენ, ჯირაიამ მტკიცედ გადაწყვიტა მსოფლიოს ტკივილისა და მწუხარებისგან ხსნა. მოგვიანებით, ომში ჰირუზენის გუნდიც ჩაება. ისინი ამეგაკურეს ლიდერ ჰანზოს დაუპირისპირდნენ. ბრძოლამ დიდხანს გასტანა. მტრის ძლიერების მიუხედავად კონოჰელები შეუპოვრად განაგრძობდნენ ბრძოლას, რამაც ჰანზო გააოცა. მან ცუნადე, ოროჩიმარუ და ჯირაია კონოჰას ლეგენდარულ შინობებად აღიარა და მათ კონოჰას სანინები უწოდა. მალე ჰირუზენის ყოფილი მოწაფეები მსოფლიომაც ამ სახელით გაიცნო.

ჰანზოსთან ბრძოლის შემდეგ ახლა უკვე სანინები კონოჰაგაკურესკენ გაემართნენ. გზად ისინი სამ ობოლ ბავშვს შეხვდნენ, რომლებიც, როგორც ეს მოგვიანებით გაირკვა, ამეგაკურედან იყვნენ. მათი მშობლები მტრის თავდასმის შედეგად დაიღუპნენ. ბავშვებისთვის ზედმეტი ტანჯვის თავიდან ასარიდებლად ოროჩიმარუ თანაგუნდელებს მათ დახოცვას შესთავაზებს, თუმცა მას ჯირაია შეაჩერებს. ობლების ბედით შეწუხებული ჯირაია მათთან დარჩენასა და მათ გაწვრთნას გადაწყვეტს.

ამ ობოლთაგან ორი - იაჰიკო და კონანი ჯირაიას მალევე მიეჩვევიან, ნაგატო კი მის მიღებას ვერ შეძლებს, რადგან მისი მშობლები კონოჰას შინობებმა დახოცეს. ერთ დღეს სამეულს იუაგაკურეს შინობი დაესხმება თავს. იაჰიკოს გადასარჩენად ნაგატო თავისდაუნებურად რინეგანს გამოიყენებს და მოწინააღმდეგეს მოკლავს. შემთხვევის ადგილზე მისული ჯირაია ნაგატოს განსაკუთრებულ თვალებს პირველად შენიშნავს, რაც მას აფიქრებინებს, რომ სწორედ იგია ნაწინასწარმეტყველევი ბავშვი, რომელმაც მსოფლიოს რადიკალური ცვლილებები უნდა მოუტანოს.

ნაგატო და ჯირაია

ნაგატო ბუნებით გულუბრყვილო და კეთილშობილი ბავშვი იყო, ამიტომ მან მომხდარი მეტად მტკივნეულად განიცადა. იგი თავს ვერ პატიობდა, რომ მისი ბრალით ადამიანი დაიღუპა. მძიმე წუთებში იგი ჯირაიამ გაამხნევა. მან ნაგატოს შეახსენა, რომ იგი მეგობარს იცავდა, ამიტომ მის განკითხვას ვერავინ შეძლებდა. ჯირაიამ მას უთხრა, რომ „როდესაც ადამიანები ტკივილს განიცდიან, ისინი სიძულვილს სწავლობენ. როდესაც ადამიანები სხვებს აყენებენ ტკივილს, ისინი მათ სიძულვილს იმსახურებენ და დანაშაულის გრძნობა ტანჯავთ, მაგრამ ასევე იციან, რომ ეს ტკივილი ადამიანებს გაკეთილშობილებასა და გაზრდაში დაეხმარება.“ იმ წუთიდან ცხოვრების მთავარ მიზნად ნაგატომ საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა და მათი დაცვა დაისახა, ჯირაია კი ოჯახის წევრად მიიღო.

ობლებთან გატარებული სამი წლის შემდეგ ჯირაია მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. მალე შინობთა მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და სანინები კვლავ ომში ჩაებნენ. ჯირაიას არ შეუწყვეტია ყოფილ მოწაფეებზე ფიქრი. იგი იმედოვნებდა, რომ ისინი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებდნენ, როგორც ამას იაჰიკო გეგმავდა, თუმცა მისი მოლოდინი არ გამართლდა. იაჰიკოს, ნაგატოსა და კონანის დაღუპვით შეწუხებულმა ჯირაიამ ემოციები ვერ დამალა, თუმცა დიდი ტკივილისა და იმედგაცრუების მიუხედავად მან უკეთესი მომავლის რწმენა არ დაკარგა და ნაწინასწარმეტყველევი მოწაფის ძებნა განაგრძო.

ჯირაიას გუნდი

მეორე მსოფლიო ომისა და კონოჰაგაკურეში გატარებული რამდენიმე მშვიდობიანი წლის შემდეგ ჯირაიამ კიდევ ერთი განსაკუთრებული მოსწავლე შეიძინა. მინატო ნამიკაზე ყოველ მხრივ გამორჩეული აღმოჩნდა. იგი და ჯირაია ძლიერ დაუახლოვდნენ ერთმანეთს. მინატო ჯირაიას პირველი ნოველის "ამბავი მეტისმეტად მამაც შინობზე" პირველი შემფასებელი გახდა. მისი თქმით, მთავარი გმირი ძლიერ ჰგავდა წიგნის ავტორს. მეუღლის, კუშინა უზუმაკის თანხმობით მან შვილისთვის მთავარი გმირის სახელის დარქმევა გადაწყვიტა. ჯირაიამ სიცილით მოიგონა, რომ ამ პერსონაჟის სახელი მან რამენის ჭამის დროს მოიფიქრა და მომავალ მშობლებს კარგად დაფიქრება ურჩია, თუმცა მათი გადარწმუნება ვერ შეძლო. მან ხუმრობით აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში იგი მინატოს შვილის ნათლია გამოდიოდა, რაზეც მას ცოლ-ქმარი ხალისიანად დაეთანხმა.[4]

მალე შინობთა მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, რომელმაც დიდხანს გასტანა. კონოჰას გამარჯვება მინატო ნამიკაზემ მოუტანა, რის გამოც იგი გმირად შერაცხეს.

ომის დასრულების შემდეგ ოროჩიმარუმ სოფელი მიატოვა და ბოროტმოქმედთა გუნდ აკაცუკის შეუერთდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად ჯირაიამ მისი კონოჰაში დაბრუნება ვერ შეძლო. გავიდა ხანი და მშობლიური სოფელი ჯირაიამაც დატოვა. იგი სამოგზაუროდ გაემართა, უარი თქვა რა ჰირუზენის თხოვნაზე, რომ უმეთაუროდ დარჩენილი კონოჰაგაკურეს ჰოკაგე გამხდარიყო.

მას შემდეგ, რაც აკაცუკიმ კუდიან ურჩხულებზე ნადირობა დაიწყო, ჯირაიას ამ ორგანიზაციის ლიდერის შესახებ ინფორმაციის მოპოვება დაევალა. ამეგაკურეში შეპარვის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ აკაცუკის ლიდერი და ადგილობრივთა მიერ "ღმერთად" მიჩნეული ფეინი სინამდვილეში ნაგატო ყოფილა, ამ უკანასკნელის "ანგელოზი" და თანაგუნდელი კი - კონანი. ჯირაია ფეინს შეებრძოლება და მის სამ გზას გაანადგურებს კიდეც. გარდა ამისა, იგი კონოჰაგაკურეში ერთ-ერთი გზის ცხედარსა და ფეინის შესახებ დაშიფრულ ინფორმაციას გადაგზავნის, რაც, მოგვიანებით, ნარუტოს ამ უკანასკნელის დამარცხებაში დაეხმარება.

ფეინის ექვს გზასთან ბრძოლა ჯირაიასთვის საბედისწერო აღმოჩნდება. იგი ღიმილით მოკვდება,[5] რადგან სიკვდილის წინ მიხვდება, რომ განსაკუთრებული მოსწავლე, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა, ნარუტო ყოფილა, ამიტომ მსოფლიოს ხსნას იგი ამ უკანასკნელს მიანდობს.

ხასიათი Edit

სექსუალური ტექნიკის გამოყენებით ნარუტო ჯირაიაზე ზემოქმედებას ცდილობს

ჰირუზენის გუნდში ყოფნისას პატარა ჯირაია მუდამ ცდილობდა თავის გამოჩენას, თუმცა გულუბრყვილო და დაუდევარი ბუნების გამო შეჯიბრებებში იგი მუდმივად მარცხდებოდა. მიზნად მან თანაგუნდელი ცუნადეს გულის მოგება დაისახა და ვარჯიშს სრული სერიოზულობით შეუდგა. მოგვიანებით მისი ამბიციების არეალი გაფართოვდა და მან ყველა ლამაზი გოგოს გულის დაპყრობა განიზრახა. არაერთი მცდელობის მიუხედავად მან ცუნადეს გული ვერ მოიგო. მეტიც, იგი გამუდმებით მისი განრისხების მიზეზი ხდებოდა. მექალთანეობა ჯირაიას ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი იყო. ერთხელ, შიშველი ცუნადეს დასანახავად ჩასაფრებული ჯირაია ცუნადემ სიკვდილის პირას მიიყვანა, მაგრამ “სოფლის სიგიჟე“ ამან ვერ შეაშინა. ჯირაია თავს სუპერ-გარყვნილს უწოდებდა და სწორედ მან გამოიგონა შეუმჩნევლად გაპარვის ტექნიკა, რისი წყალობითაც იგი აბანოებში გოგოებს უთვალთვალებდა ხოლმე, თუმცა ამ პროცესს იგი “კვლევის წარმოებას“ უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი „დონ ჟუანობით“ ამაყობდა კიდეც, ჯირაიას მაინც არ მოსწონდა მეტსახელი “გარყვნილი განდეგილი“, რასაც მას ნარუტო ეძახდა საზოგადო თავშეყრის ადგილებშიც კი. ჯირაიას ხშირად ავიწყდებოდა ნარუტოს ვარჯიშებზე ზედამხედველობა, თუმცა სექსუალური ტექნიკის გამოყენებით ნარუტო ადვილად ახერხებდა ზარმაცი სენსეის დაყოლიებას.

მსუბუქი ყოფაქცევის ქალებისკენ მიდრეკილების მიუხედავად ჯირაიას წრფელი გულით უყვარდა ცუნადე, რომლის გულის მოგება, როგორც ამას თავად აღნიშნავდა ხოლმე, ვერაფრით შეძლო.

კონოჰას დატოვების მიუხედავად ჯირაიას თავის სოფელთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. მშობლიურ სოფელს იგი ჰირუზენის სიკვდილის შემდეგ დაუბრუნდა და უკვე მეორედ უარყო შეთავაზება, გამხდარიყო ჰოკაგე, რადგან მიიჩნევდა, რომ ზარმაცი და თავისუფლებას მიჩვეული კაცი არ იმსახურებს ამ ტიტულს. იგი ძლიერ განიცდიდა ჰირუზენის დაღუპვის ფაქტს, განსაკუთრებით კი იმას, რომ მისი დახმარება ვერ შეძლო. კონოჰას მრჩევლებს ჯირაიამ ცუნადეს კანდიდატურა შესთავაზა და მათ მის პოვნასა და სოფელში მოყვანას დაჰპირდა.

ჯირაიას საუბრის მანერა მის იუმორის გრძნობაზე მიანიშნებს. იგი ხშირად ქარაფშუტულად ეკიდებოდა ხოლმე სიტუაციას, თუმცა როცა საქმე კონოჰას მომავალს ეხებოდა, იგი დიდ სიმკაცრესა და სერიოზულობას იჩენდა ხოლმე. ჯირაიას ადვილად შეეძლო თვალთმაქცობა. ამ უნარს იგი ყველაზე ხშირად მოუსვენარი ნარუტოსაგან თავის დასაღწევად იყენებდა ხოლმე.

ჯირაიას ცუნადეს პოვნა არ გასჭირვებია, რადგან იგი კარგად იცნობდა მას. დიდი ხნის უნახავმა მეგობრებმა ბევრი ისაუბრეს. დაკვირვებულ ჯირაიას არ გამორჩენია ცუნადეს შეშფოთება, რის დამალვასაც იგი ძლიერ ცდილობდა. ჯირაიამ იეჭვა, რომ იგი ოროჩიმარუს განკურნებას აპირებდა და კონოჰას დასაცავად მას მოკვლითაც კი დაემუქრა. საბედნიეროდ მისი ეჭვები არ გამართლდა. ცუნადე სოფელში დაბრუნდა და მეხუთე ჰოკაგე გახდა, ჯირაია კი მას აკაცუკისა და სოფლის სხვა მტრებზე აწვდიდა ინფორმაციას.

ჯირაია ბევრს დამოგზაურობდა. იგი ნოველებს წერდა, სადაც მისი სასიყვარულო თავგადასავლები იუმორით იყო აღწერილი. კრებული იჩა იჩა შინობთა სამყაროში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რაც კარგად ჩანს ერთ-ერთ სერიაში, სადაც ნარუტო ჯირაიას მაგივრად დაწერს მოთხრობას, რაც შემთხვევით ერთ-ერთი დაიმიოს ხელში აღმოჩნდება, რომელიც ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი იჩა იჩას წაკითხვის შემდეგ აღტაცებასა და სიხარულს ვერ მალავს. აქედან ორნაირი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი: ან ნარუტოს აქვს წიგნების წერის ნიჭი, ან ჯირაიას წერის მანერა ბავშვის ხელწერისგან დიდად არ განსხვავდებოდა.

საიდუმლო მისიების წარმოების გამო ნარუტოს გასაწვრთნელად ჯირაიას ცოტა დრო რჩებოდა ხოლმე. თავისუფალი დროის გატარება მას აშკარად “კვლევა-ძიებაში„ ერჩივნა, ამიტომ ხშირად ასულელებდა ნარუტოს და მის ფულს საკეს სმასა და დროსტარებაში ხარჯავდა ხოლმე. თავისდა სამწუხაროდ ნარუტო გვიან ჩასწვდა სენსეის ხრიკებს.

ჯირაიას მთელი არსებით სწამდა, რომ ადრე თუ გვიან სამყაროში მშვიდობა დაისადგურებდა და სიძულვილსა და უნდობლობას ბოლო მოეღებოდა. მას მიაჩნდა, რომ თავისი ცხოვრებით მაგალითი უნდა მიეცა მომავალი თაობისთვის და ახალგაზრდებს სწორი გზის არჩევაში უნდა დახმარებოდა, თუნდაც ეს მას სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.

გარეგნობა Edit

ჯირაიას გარეგნობა

ჯირაიას გრძელი, თეთრი თმა ჰქონდა, რაც მას წელამდე სწვდებოდა. შუბლზე მას რქებიანი შუბლსაკრავი ეკეთა, რაზეც, მიობოკუს მთის საპატივცემულოდ, „ზეთის“ (油, აბურა) სიმბოლო იყო გამოსახული. მისი შავი თვალებიდან ლოყებზე თითო წითელი სიგრძივი ზოლი ეშვებოდა. ცხვირთან ახლოს, მარჯვენა მხარეს მას ადვილად შესამჩნევი მეჭეჭი ჰქონდა.

ჯირაია მწვანე, მოკლე კიმონოსა და სწორ შარვალს ატარებდა. ტანსაცმლის შიგნით მას ბადე ეცვა, რაც მაჯებთან და შარვლის ბოლოებიდან მოუჩანდა. მას ხის სანდლები ეცვა, ხელზე კი შავი ფერის დამცავი ქამრები ეკეთა. კიმონოზე მას წითელი ჰაორი ჰქონდა მოსხმული, რაზეც ორივე მხარეს ორი ყვითელი წრე იყო გამოსახული. ზურგზე ჯირაიას დიდი ზომის გრაგნილი ეკეთა, მარცხენა ხელის გულზე კი მას ტატუ ჰქონდა.[3]

ბავშვობაში ჯირაია ღია ნაცრისფერ ტანსაცმელს ატარებდა ხოლმე, რომელიც ცეცლის ალებით იყო გაფორმებული, მისი კიმონოს ბოლოებს კი ოქროსფერი ორნამენტებით გაფორმებული მწვანე ზოლი დაჰყვებოდა, რაც მოყვითალო ზონარით იკვრებოდა. თვალებიდან დაშვებული წითელი ხაზები შედარებით მოკლე იყო. მათი სიგრძე მისი ასაკის მატებასთან ერთად გაიზარდა.

მოგზაურობისას ჯირაია სტანდარტულ ტანსაცმელს ატარებდა ხოლმე, რასაც კიდეებზე წითელი ზოლი დაჰყვებოდა. ჰანზოსთან ბრძოლაში მას ნაცრისფერი პერანგი, მეტალის ჯავშანი, სტანდარტული შარვალი და სანდლები ეცვა.

აღსანიშნავია, რომ ამეგაკურეში ყოფნისას ჯირაიამ ბაყაყის ფორმა გამოიგონა, რაც მან თავის მოსწავლეებსაც ჩააცვა. მისი განმარტებით, ამგვარი ტანსაცმელი მათ გომბეშოს ტექნიკების უკეთ ათვისებაში დაეხმარებოდა.

შესაძლებლობები Edit

ჯირაია ერთ-ერთი სანინი და, შესაბამისად, მეტად ძლიერი შინობი იყო, ამიტომ ჰირუზენის სიკვდილის შემდეგ ჰოკაგედ მისი დანიშნვა გადაწყვიტეს. ჯირაიას თქმით, თავის სიცოცხლეში იგი ორჯერ იყო სიკვდილის პირას: პირველად მაშინ, როცა „კვლევის წარმოებას“ ცუნადეზე შეუდგა, მეორედ კი მაშინ, როცა ნარუტოს ბეჭედი შესუსტდა და იგი ოთხკუდიანის რეჟიმში გადავიდა.[6]

ჯირაიას ძლიერება კაგეს დონისა იყო[საჭიროებს წყაროს მითითებას]. იტაჩი და კისამე აღნიშნავენ, რომ მის წინააღმდეგ ძალების გაერთიანების შემთხვევაშიც კი მოგების შანსი მცირე ექნებათ, მის დასუსტებას კი მხოლოდ სიცოცხლის ფასად თუ შეძლებენ. მინატო ნამიკაზე ჯირაიას შესაძლებლობებით, მისი საბრძოლო ტაქტიკითა და აზროვნებით აღფრთოვანებული იყო. ნაგატოს თქმით, მას ჯირაიას დამარცხება გაუჭირდებოდა, რომ არ სცოდნოდა მისი სისუსტეები.[7]

ტაიძიუცუEdit

მიუხედავად იმისა, რომ ჯირაია თითქმის არ იყენებდა ტაიძიუცუს, იგი მაინც კარგად ფლობდა ბრძოლის ამ ხელოვნებას, რაც ფეინთან ბრძოლისას არაერთხელ დადასტურდა: გიგანტური მრავალთავიანი ძაღლის მოგერიება მან მხოლოდ ფეხების გამოყენებით შეძლო.

ჯერ კიდევ ბავშვობაში, მიობოკუს მთაზე ჯირაია გამაბუნტას და გიგანტური გველის დაპირისპირებას შეესწრო. იგი გველის კუდს სწვდა, იგი ჰაერში დაატრიალა და შორს გადაისროლა.

ბრძენის რეჟიმი კიდევ უფრო ზრდიდა ჯირაიას შესაძლებლობების არეალს, რაც კარგად ჩანს ადამიანის გზასთან ბრძოლაში, რომელიც ჯირაიამ მუშტის დარტყმით გამოიყვანა მწობრიდან და რამდენიმე მეტრის მოშორებით გადააგდო. ამ დროს ძლიერ იზრდებოდა მისი სისწრაფეც. მაგალითად, სიმაღლიდან ვარდნისას მან მიწას ბევრად უფრო ადრე მიაღწია, ვიდრე მისმა ხის სანდლებმა, რომლებიც ძირს მან გადახტომამდე ბევრად ადრე გადმოყარა.[8]

ნინძიუცუEdit

ნემსების ჯიზო

ყველაზე ხშირად ჯირაია ნინძიუცუს იყენებდა ხოლმე. მას თმის გაზრდა და მისი თავდაცვისა თუ შეტევის მიზნით გამოყენება შეეძლო. ჯირაიამ რასენგანი მინატოსგან ისწავლა. მან ეს ტექნიკა დახვეწა და ზომაში გაზარდა. ჯირაია მუდამ ცდილობდა ტექნიკების სრულყოფას. რამდენიმე ტექნიკა მან თავადვე გამოიგონა, მათ შორის შეუმჩნევლად გაპარვის ტექნიკა, რომელსაც ქალებზე თვალთვალისა და ჯაშუშობის მიზნით საკმაოდ ხშირად იყენებდა. ბარიერი: გუმბათის მეთოდის ფორმირება მას ფართო რადიუსში მოწინააღმდეგის კოორდინატების დადგენის საშუალებას აძლევდა, ბარიერი: გომბეშოს აყიროს ციხის გამოყენებით კი მას მტერის გომბეშოს მუცელში გამომწყვდევა შეეძლო, სადაც კუჭის მჟავისგან წარმოქმნილი ტბა მდებარეობდა.

ჯირაია მიწის გამოშვების ტექნიკასაც იყენებდა. მიწის გამოშვება: ქვესკნელის ჭაობის მეშვეობით მას ღრმა ჭაობის გაჩენა შეეძლო. ცეცხლის გამოშვებას ჯირაია ცეცხლოვანი ბურთების წარმოსაქმნელად იყენებდა ხოლმე.

ჩაკრას ელემენტების შესახებ ჯირაია ღრმა თეორიულ ცოდნას ფლობდა, ამიტომ მან იაჰიკოსა და ნაგატოს ჩაკრას მართვა იოლად ასწავლა.

გენძიუცუს შესრულება ჯირაიას დამოუკიდებლად არ შეეძლო. ამას იგი შიმასა და ფუკასაკუს დახმარებით ახერხებდა.

გომბეშოს ტექნიკებიEdit

გომბეშოს სიბრტყე- ჩრდილის მართვის ტექნიკა

ჯირაია "გომბეშო ბრძენის" სახელითაცაა ცნობილი. მას გომბეშოების გამოძახება შეეძლო. დროთა განმავლობაში იგი იმდენად გაძლიერდა, რომ გამაბუნტას გამოძახებაც კი შეძლო. უზარმაზარი, ცეცხლმფრქვევი გომბეშოს ხახაში იგი მტერს ატყვევებდა ხოლმე. გარდა ამისა, იქაურობას იგი სურვილისამებრ მართავდა. ჯირაიას პირიდან წებოვანი ზეთის გატყორცნაც შეეძლო.

ჯაშუშობისას ჯირაია გომბეშოს სიბრტყე- ჩრდილის მართვის ტექნიკას იყენებდა ხოლმე, რისი მეშვეობითაც მას სხვა შინობის ჩრდილად გარდაქმნა შეეძლო. იგი გომბეშოდ გარდასახვის ტექნიკასაც ფლობდა, რისი საშუალებითაც იგი პატარა ბაყაყში იმალებოდა ხოლმე, რაც მას ჩაკეტილ სივრცეებში შეპარვის შესაძლებლობას აძლევდა. კაკაშის თქმით, ჯირაია მტრის გაშიფვრაში, ჯაშუშობასა და მტერზე საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში შეუდარებელი იყო.

ფუინძიუცუEdit

ჯირაია კარგად ფლობდა ჩაბეჭდვის ტექნიკებს. მან უმალვე ამოიცნო ხუთი ელემენტის ბეჭედი, რაც ნარუტოს ოროჩიმარუმ დაასვა და რაც მისი ჩაკრას დინებას აფერხებდა. ხუთი ელემენტის ბეჭდის მოხსნის წყალობით ჯირაიამ ნარუტოს ადვილად მოაშორა იგი.

მოგვიანებით, კურამას ჩაკრას დასათრგუნავად ჯირაიამ ჩაკრას დამთრგუნველი ბეჭედი გამოიგონა. იტაჩისთან შეხვედრის შემდეგ, ცეცხლის ჩაბეჭდვის მეთოდით მან ამატერასუს ალი გრაგნილში ჩაბეჭდა.

სენძიუცუEdit

ნარუტოს მსგავსად, ჯირაიაც ბუნებრივად ფლობდა განსაკუთრებით დიდი რაოდენობისა და სიძლიერის მქონე ჩაკრას, რას მას ბრძენის რეჟიმში გადასვლის შესაძლებლობას აძლევდა. ამ მიზნით იგი შიმასა და ფუკასაკუს იძახებდა, რომლებიც მის მხრებზე თავსდებოდნენ და მას თავიანთი ტექნიკებით ეხმარებოდნენ ხოლმე. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია უკიდურესად ძლიერი ნინძიუცუ ბრძენის ხელოვნება: გოემონი.

ჯირაია ბრძენის რეჟიმში, შიმასთან და ფუკასაკუსთან ერთად

ბრძენის რეჟიმი ჯირაიას ძალას მნიშვნელოვნად ზრდიდა, რაც მას თავისი ტექნიკების გაძლიერებული ვერსიების გამოყენების საშუალებას აძლევდა. ამის კარგი მაგალითია უზარმაზარი ბურთი რასენგანი. მიუხედავად ამისა, ჯირაიას ბრძენის რეჟიმის გამოყენება არ უყვარდა, რადგან თვლიდა, რომ იგი მას საშინელ შესახედაობას აძლევდა. სწორედ ამიტომ ჯირაია ამ ტექნიკას სრულყოფილად ვერ ფლობდა.

სტატისტიკაEdit

მეგზური ნინძიუცუ ტაიძიუცუ გენძიუცუ ინტელექტი ძლიერება სისწრაფე ჩაკრას მარაგი ხელის ნიშნები ჯამი
მესამე 5 4.5 3 4.5 4.5 4.5 5 4.5 35.5

სქოლიოEdit

  1. ნარუტო, 91-ე თავი, გვ. 2
  2. ნარუტო, 166-ე თავი, გვ. 15
  3. 3.0 3.1 ნარუტო, 91-ე თავი, გვ. 3
  4. ნარუტო, 382-ე თავი, გვ. 8-11
  5. ნარუტო, 383-ე თავი, გვ. 6
  6. ნარუტო, 291-თავი, გვ.8-9
  7. ნარუტო, 383-ე თავი, გვ. 13
  8. ნარუტო, 377-ე თავი, გვ. 11-12

Photos

Add a Photo
212photos on this wiki
See all photos >

Recent Wiki Activity

See more >

Around Wikia's network

Random Wiki